4 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
დღეს, 19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მის მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლის 14 წლით პატიმრობა შეუფარდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ის არავის დაუსჯია.
გიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელობიდან 4 წლის თავზე ამბობს, რომ დროის ამ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან. გარდაცვლილის ცოლის, ნინო ოთხოზორიას თქმით, დაუსჯელია როგორც რაშიდ კანჯი ოღლი, ასევე, მასთან ერთად მყოფი სხვა ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც მკვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ:
„4 წელი გავიდა და ამ საქმეზე ოთხი პირიდან არც ერთი დაკავებული არ არის. მათ შორის, არც მკვლელი. საქართველოს მხრიდან რეაგირება იყო, რომ მიუსაჯეს 14 წელი, მაგრამ შესრულებადი ეს ჯერ არ არის…
შეცვლით მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმ ხურჩის ხიდზე უკვე გადასვლა აღარ არის. მხოლოდ ეს. სხვა მხრივ, სიტუაცია ისევ მძიმეა. ჩვენ ბევრი გვყავს იქ (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) ნათესავი და ვიცით, როგორი მძიმეა მათთვის იქ ცხოვრება. პირიქით კიდევ უფრო ძნელია“. – განუცხადა ნინო ოთხოზორიამ “ლაივპრესს”.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია და მხარეები განაჩენის მოლოდინში არიან.
როგორც ნინო ოთხოზორია ამბობს, რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას იხსნის, იმ მიზეზით, თითქოს შემთხვევა მოხდა „სხვა სახელმწიფოში“.
„როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთთან გააგზავნა კითხვარი, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს მონაწილეობაზე და თქვეს, რომ ის არ არის მათი ტერიტორია, ანუ თვითონ არ აკონტროლებენ. ეს არის აფხაზეთის ტერიტორია და აფხაზები არიან პასუხისმგებელი ამ მკვლელობაზე“. – განაცხადა ნინო ოთხოზორიამ.
დღეს მოკლულის საფლავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი და ეკალ-ხლართები აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას“. – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდე მოწერელიამ.
ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლიმ შელაპარაკების შემდეგ მოკლა. ამის შემდეგ კი, თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა.
ე.ს. სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით, შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა.
წყარო: “ლაივპრესი”