400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო
ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი 20 იანვარს გაგრძელდება. პროკურატურა მათ 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება. 13 იანვრის სხდომაზე გაჟღერდა საპროცესო შეთანხმების საკითხი.
პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის, თუმცა ადვოკატმა პირველად ახსენა პოზიცია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.
“ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ”, – განაცხადა ჭიტაძემ.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ სხდომაზე თქვა, რომ დაცვის მხარე თანახმაა პროკურორის შეთავაზებაზე.
რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, ამ ეტაპზე ის თავის ინტერესებს თავად იცავს. მან საპროცესო შეთანხმებაზე დღეს უარი განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მუხლის გადაკვალიფიცირების და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბრალდებულებს ამნისტია შეეხებათ და ისინი მაშინვე გათავისუფლდებიან. ივლისში “ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონი დააინიციირა – ამ მუხლებს შორის არის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილიც. ეს მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
“ეს არის ერთობლივი მოლაპარაკება, თუ შედგა დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება, ნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაძლოა შემდეგ პროცესზე პირდაპირ გათავისუფლდნენ. ეს წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა. ომარ ოკრიბელაშვილი თანახმაა ამაზე, თუმცა საბა მეფარიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის”, – ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარება სჭირდება.
“შესაძლებელია, პროკურატურა შევიდეს ამ ადამიანების მდგომარეობაში და ნაწილობრივი აღიარებით გადაკვალიფიცირდეს მუხლი 187-ეს პირველ ნაწილზე. ისედაც ამნისტირებულია ეს მუხლი”, – ამბობს გამყრელიძე.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა ბრალის აღიარებისთვის, მუხლის კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში. ომარ ოკრიბელაშვილი მისთვის ამჟამად წარდგენილ ბრალს – ჯებირის დაზიანებას ჯგუფურად – არ აღიარებს.
რაც შეეხება საბა მეფარიშვილს, რომელმაც ადვოკატის აცილება მოითხოვა და ამჟამად დაცვის გარეშეა დარჩენილი, მას მოსამართლე ნათია გუდაძემ მოსაფიქრებლად დრო მისცა.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ბრალდების მხარესთან მოლაპარაკების საწარმოებლად, პროცედურულად საჭიროა, ბრალდებულს ადვოკატი ჰყავდეს.
საქმეზე შემდეგი სხდომა 20 იანვარს გაიმართება.
ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა, რომელზეც პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე დასკვნითი სიტყვით უნდა წამდგარიყო, 27 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა პროკურატურისვე შუამდგომლობით, სხდომა 13 იანვრამდე გადაიდო. ადვოკატის თქმით, საქმის გადადება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვასთან იყო დაკავშირებული, რათა ზურაბიშვილს ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი არ შეეწყალებინა.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ 400 ლარიანი რკინის ღობის “ზარალი” ჯერ კიდევ ივლისშია ანაზღაურებული.