400 ლარიანი რკინის ღობის “ზარალი” ანაზღაურებულია, თუმცა ახალგაზრდები მაინც პატიმრობაში რჩებიან

პარლამენტთან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე რკინის დროებითი ჯებირების დაზიანებისთვის დაკავებული 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მათი გათავისუფლების შესახებ.
ადვოკატებმა 19 წლის ომარისა და 23 წლის საბას გათავისუფლების საკითხი დღევანდელ, 24 ივლისის, სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენეს, რადგან მათ ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროში 400 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. სწორედ 400-ლარიანი ნივთის (ჯებირის) დაზიანებას ედავება გამოძიება ბრალდებულებს, ამისთვის მათ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული კვლევების ინსტიტუტმა“ (DRI) გადარიცხა, ამის დამადასტურებელი ცნობა კი მოსამართლეს ადვოკატებმა წარუდგინეს.
„ზიანის ანაზღაურება არის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი გარემოება და გასათვალისწინებელია. თუმცა სასამართლო ყურადღება გაამახვილებს იმაზე, რომ არაერთხელ იმსჯელა საფრთხეებზე… ამ საფრთხეებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა“, – უთხრა მოსამართლემ ადვოკატებს.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დააკავეს 14 მაისს, რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის. მათ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თანახმად, ბრალდებულებმა, სხვებთან ერთად, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით.
ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგნენ:
“ჩვენ საშუალებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ადამიანს, რომ მხარში დაუდგენენ ამ ადამიანებს პირადი თავდებობის გზით. მოგეხსენებათ, რომ პირადი თავდებობა არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე და ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე მუშაობას, რომ გავლენა მოვახდინოთ ამ პროცესებზე. სწორედ ამიტომ, დღეიდან, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოაწერონ ხელი პირადი თავდებობის ტექსტს და მხარში დაუდგნენ ამ ადამიანებს. იმიტომ რომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ესაა პოლიტიკური პროცესი და სამართლისგან არის ძალიან შორს” – თქვა DRI-ის იურისტმა, თათია კონიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტის, ტედ ჯონასის საქმის განხილვა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ბარამიძემ, რომელიც ტედ ჯონასის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამიტომ უცნობია, რით დაასაბუთა თავისი „ეს უკანონო და უსამართლო“ გადაწყვეტილება.
„ფაქტია, რომ რაიმე ხელშესახები მტკიცებულება საქმეში არ დევს, უფრო მეტიც, ჩვენ პოლიციელები ვამხილეთ აშკარა ტყუილში“, – დაამატა ბარამიძემ.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ტედ ჯონასი ჰყვებოდა, რომ 1 მაისს ღამით აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც სანდრო ბარამიძემ გვითხრა, ჯონასმა სამართალდამცველების ქმედების გამო პირველივე დღეებში მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„ტედი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იყო და მე ვახლდი მას. მას მერე ჩვენგან გამოითხოვეს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა, რაც გადავეცით. გარდა ამისა, გადავეცით ფორმა 100 და სხვა სამედიცინო მასალა, რომლებიც ადასტურებენ ტედისადმი მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებას, მაგრამ მას მერე რეაგირება არ ჰქონიათ. სასამართლომ კი არც მოისურვა ამაზე რაიმე განმარტებების მოსმენა, განაცხადა, მე არ მეხებაო“, – თქვა ადვოკატმა.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხანგრძლივი საპროტესტო დემონსტრაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.



