მნიშვნელოვანისიახლეები

450-ზე მეტი ორგანიზაცია რომელიც ,,აგენტების,, ბაზაში დარეგისტრირდა კობახიძე მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირდნენ. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რეესტრს დასარეგისტრირებლად 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.

„საზოგადოების წინაშე გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

“დასრულდა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ დაფინანსებას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებულნი და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხანგრძლივი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონი „აგენტების შესახებ“ და 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტოც. კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა – საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button