5 000-ზე მეტი რუსი პატიმარი, რომლებიც “ვაგნერის” დაჯგუფებაში იბრძოდნენ, რუსეთში დაბრუნდა

ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ შეწყალებულია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ გაწევრიანებული ხუთი ათასზე მეტი პატიმარი.
პრიგოჟინი კომპანიის დამაარსებელია. მისი თქმით, უკრაინის ტეროტორიაზე საბრძოლო მოქმედებებიდან დაბრუნებულ შეწყალებულთა მხოლოდ 0,31%-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული ერთი თვის განმავლობაში. პრიგოჟინის სიტყვებით, ეს 10-20-ჯერ ნაკლებია ჩვეულებრივ მაჩვენებლებზე.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: ჩვენ 10-ჯერ შევამცირეთ კრიმინალი რუსეთში. ყოფილ პატიმრებს უკეთ ვავარჯიშებდით, ვიდრე საბჭოთა პერიოდში პიონერებსა და ოქტომბრელებს ვვარჯიშობდით“, – თქვა პრიგოჟინმა.
„რუსეთში დამნაშავეობა ათჯერ შევამცირეთ, ყოფილი პატიმრები უკეთესად გავწვრთენით, ვიდრე საბჭოთა დროს წვრთნიდნენ პიონერებსა და ოქტომბრელებს,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც ბიზნესმენის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„ვაგნერის“ წევრთა შეწყალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომლის მებრძოლები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში სირიაში, აფრიკასა და უკრაინაში. კომპანიის ხელმძღვანელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
რუსეთის კანონმდებლობით კერძო სამხედრო კომპანიები აკრძალულია. ხელისუფლება „ვაგნერის“ მებრძოლებს ოფიციალურად „მოხალისეებს“ უწოდებს.
აშშ-ის დაზვერვის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში „ვაგნერის“ წევრთა რაოდენობა შესაძლოა 50 ათასს აღწევდეს. მათ 90%-ს მიწვეული პატიმრები შეადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ პრიგოჟინმა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი პატიმრების პირველი ჯგუფის შეწყალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ამასთან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს.
„გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ომის დასრულების ასეთი სცენარი აუცილებელია, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალით არ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები და შეცვალოს საზღვრები ევროპაში.
შოლცმა ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხარს დაუჭერენ უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება. მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის სწრაფ დასრულებას არ ელოდება.