მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო.

უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განაგრძობენ შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე. მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ. ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე.

ISW კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების მიერ საჯაროდ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის მიერ ბახმუტის შენარჩუნებას, თუმცა, ქალაქის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ, როცა 1 იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ².

შესაბამისად, უკრაინელებმა ხუთ კვირაში გაათავისუფლეს თითქმის იმდენივე, რამდენიც რუსებმა დაიპყრეს ექვსი თვის განმავლობაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას 3 მიმართულებით აწარმოებენ.

“11 ივლისის მდგომარეობით, უკრაინის არმია კონტრშეტევას მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით ახორციელებს. სამივე მიმართულებით უკრაინელ დამცველებს გარკვეული წარმატება აქვთ. მტერი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევს და აქტიურად იყენებს რეზერვებს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინელებმა კონტრშეტევა ივნისის დასაწყისში წამოიწყეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, პირველ კვირებში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით 8 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 235 020 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button