მნიშვნელოვანიმოზაიკა

5 რამ, რაც თინეიჯერებს აღიზიანებთ

თინეიჯერობის ასაკი 13-დან 19 წლამდე პერიოდს მოიცავს და ადამიანის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, საეტაპო დეკადაა. ამ დროს, მოზარდი თვითგამორკვევის პროცესშია – უღმავდება საკუთარ თავს და გარესამყაროს. მართალია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა თინეიჯერები ბევრ რამეზე რეაგირებენ ერთნაირად. სტატიაში გთავაზობთ ხუთ შემთხვევას, რომელიც მოზარდების გაღიზიანებას იწვევს.

თბილად ჩაცმა

ზამთარში ალბათ ხშირად შეგინიშნავთ თხელ ქურთუკში გამოწყობილი მოზარდები. ეს ფაქტია – ამ ასაკში ადამიანებს თბილად ჩაცმა არ უყვათ. მეტიც, ეს მოზარდების თავმოყვარეობაზეც კი მოქმედებს და თუ სახლიდან მაინც თბილად ჩაცმულს მოუწიათ გასვლა, სადარბოზოში ყოველი საფეხურის ჩავლისას, ჯერ ქურთუკი იხსნება, შემდეგ ჩანთაში ინაცვლებს ქუდი, კაშნე კი… ხუმრობთ? – თბილი კაშნეს მოხვევას მოზარდს ვერავინ აიძულებს!

სახალხოდ ჭამა


ფურშეტებზე, სადაც ძირითადად ყველა ჭამითაა დაკავებული, შეიძლება იდგეს თინეიჯერი, რომელიც თვლის, რომ თუ თვითონაც დაიწყებს ჭამას, ყველა მას გახედავს. სახალხოდ ჭამის ბევრ მოზარდს ერიდება. გაიხსენებთ, თინეიჯერობისას რამდენჯერ გითქვამთ უარი საჭმელზე, როცა ძალიან გშიოდათ?

ზარები მშობლებისგან

ყურადღებიანი მშობლების ყოლა ნებისმიერი თინეიჯერისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა როცა მოზარდი მეგობრების გარემოცვაშია, როგორც წესი, მშობლებისგან მიღებული ზარები აღიზიანებს. ალბათ ხშირად მოგისმენიათ, ან თქვენ თვითონ წარგიმართავთ თინეიჯერობისას მშობელთან ამგვარი დიალოგი: – თბილად გაცვია? – აჰა, ნაჭამი ხარ? – აჰა, ვისთან ერთად ხარ? – აჰა, მალე მოხვალ? – აჰა… როგორც წესი, სახალხოდ იმის ჩვენება, რომ მშობლები უყურადღებოდ შენს არცერთ ნაბიჯს არ ტოვებენ, თინეიჯერობისას არც თუ ისე საამაყოა, რადგან ამ დროს, პიროვნება საზოგადოებაში რეალიზდება და სურს, რაც შეიძლება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ზრდასრული გამოჩნდეს.

საკუთარი გარეგნობა

ძნელად მოიძებნება თინეიჯერი, რომელსაც საკუთარი გარეგნობა არ აღიზიანებს. როგორც წესი, ისინი ,,სამიზნედ“ საკუთარ წონას, ცხვირს, ნიკაპს, შუბლს, კანს და ნებისმიერ სხვა გარეგნულ მახასიათებელს ირჩევენ, რაც მათ ინდივიდუალურს ხდის. თინეიჯერობის ასაკში, ადამიანი ყველაფერს უფრო ემოციურად აღიქვამს და ხშირად, ეს აკვიატებები სრულიად უსაფუძვლოა, თუმცა სანამ თინეიჯერები საკუთარ თავს მიიღებენ, მათ ბევრი უსაფუძვლო ნერვიულობა უწევთ.

გრძნობების გამოხატვა

კიდევ ერთი რამ, რაც თინეიჯერებს არ უყვართ, გრძნობების გამოხატვაა. მითუმეტეს, თუ საქმე იმ ადამიანს ეხება, რომელიც მოგწონს. ამიტომ ხშირად, მოზარდები იგნორის გზას მიმართავენ. ამიტომ, ამ ასაკში ადამიანის მიმართ გულგრილობის გამოხატვა შეიძლება პირიქით, მოწონების მანიშნებელი სიგნალი იყოს. ამ დროს ასეთი პრინციპი მოქმედებს – რაც უფრო მეტად მოგწონს, მით ნაკლებად იხედები მის მხარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button