50 ოპოზიციონერი დეპუტატი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის საკითხზე პარტნიორებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ნატოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების გადაწყვეტილების გამო მიმართავს. ისინი რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის საწინააღმდეგოდ მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვენ.
დეპუტატები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, მილიტარიზაციასა და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს. აღნიშნავენ, რომ ამის ახალი გამოხატულება ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებაა, ისევე, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა.
“მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნავენ დეპუტატები.
ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა. მათი თქმით, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება, როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში.
მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია რუსეთის მიერ განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, მიმართვის ხელმომწერები დასავლელ პარტნიორებს ერთობლივი განცხადების ფორმით მიმართავენ.
„მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი“, – ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში.
ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება, “რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია”. ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება არის “ოკუპაციის გაგრძელება” და “უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივას, ამ საკითხზე მიღებულიყო რეზოლუცია, რომელიც დაგმობდა “რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა”.