მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

500 ახალი სანქცია აშშ-სგან რუსეთს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა

უკრაინის ომთან დაკავშირებით და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვის გამო აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციების სამიზნე გახდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.

ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.

ბაიდენის თქმით, ახალი სანქციების სამიზნე არის ასევე 100-მდე ორგანიზაცია, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას მხარდაჭერას უწევენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო მკვეთრ ფასს გადაიხდის საზღვარგარეთ აგრესიისა და შიდა რეპრესიებისთვის.

„ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან 22 თებერვალს აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორი ნულანდმა განაცხადა, რომ სანქციების უმეტესობა დაარტყამს „პუტინის სამხედრო მანქანას“ დ ამოავსებს ხარვეზებს სანქციების უკვე არსებულ რეჟიმებში.

ახალი სანქციები ასევე მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს გვერდი აუარონ არსებულ სანქციებს და ბანკებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევიან.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორიწლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღებას აპირებს ევროკავშირიც. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან.

გარდა ამისა, გაიზარდა იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის შეტანაც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ან რუსეთიდან ევროკავშირში. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ახალი შეზღუდვა მიზნად ისახავს დრონების წარმოების შეფერხებას, ზოგი კი მიმართულია „რუსული ინდუსტრიული პოტენციალის განვითარების“ შესაჩერებლად.
ამასთან სანქციები ძირითადად სამხედრო და თავდაცვით სექტორებსა და მათთან დაკავშირებული ინდივიდებს შეეხოთ. მათ შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებლები.

ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ 24 თებერვლიდან, ომის ორიწლისთავზე ამოქმედდება.

ევროკავშირის ინფორმაციით, მე-13 პაკეტის შემოღების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ახალი სანქციების მიზანია, უკრაინას რუსეთისგან თავდაცვასა და საკუთარი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმაროს.

ევროკავშირის ცნობით, სანქციების ამ პაკეტის შემოღების შემდეგ, სანქციები მთლიანობაში 2000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button