500 ევროიანი ყალბი ფულის გასაღება – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირის მიერ, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.
საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ ამოღებულია საერთო ჯამში 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე დაკავებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები.
მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.