“59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას”
ხვალ რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყოს, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის შედეგები.
კითხვაზე, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემდით ხმას”? – 36% პასუხობს “დიახ”, 59% – “არა”. 3%-მა არ იცის, ხოლო 1%-ს არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.
ასევე კითხვას, “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?” 88% დადებითად პასუხობს, 12% კი, – უარყოფითად.
NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. კვლევის მიხედვით, კონკრეტული პარტია მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა, 64% პასუხზე უარს ამბობს, ხოლო 9% არც ერთ პარტიას ირჩევს.
“ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული”. – წერია კვლევაში.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. გამოკითხულთა 29%-ის აზრით კი, – სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტის საფასური.
გამოკითხულთა 17% ყველაზე დიდ პრობლემად საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას აღიქვამს. 15%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.
გამოკითხულთა 12%-ის აზრით, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რომელი ეროვნული დონის საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი, მოსახლეობის 49%-ის პასუხი სამუშაო ადგილებია. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დონის საკითხი მისთვის და მისი ოჯახისთვის სიღარიბეა. 28%-სთვის ტერიტორიული მთლიანობა, 20%-სთვის, – ფასების ზრდა/ინფლაცია.
მოსახლეობის 13%-ს ყველაზე მნიშვნელოოვან ეროვნული დონის საკითხად განათლება მიაჩნია, ასევე 13 პროცენტი პენსიებს ასახელებს, ხოლო 10%, – ხელფასებს.
გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის პრინციპით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია.