მნიშვნელოვანისიახლეები

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

მათგან ხუთი დააკავეს 6 დეკემბრის ღამეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაკავებულებს სამართალდამცავები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

დაკავებულების სასამართლო პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაკავებულების ნაწილს მოსამართლეები ადმინისტრაციულ ჯარიმას, ნაწილს კი ადმინისტრაციულ პატიმრობას აკისრებენ.

დაკავებულთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ნაწილს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მძიმე დაზიანებები მათ ეტყობათ როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო სხდომებს დაკავებულები სისხლიანი ტანსაცმლით ესწრებიან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული. რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ 28 ნოემბრიდან აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამ დრომდე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ადმინისტრაციული წესით 350-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 26.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა. მამაკაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები. დაკავებულთა შორის 7 უცხოელია. მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა. ადვოკატებისთვის დაკავებულების ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია. მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელების ჩვენების საფუძველზე იღებენ და ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ. არცერთ ნაცემ ან წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button