6 ქურდობა 2 თვეში
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/dakaveba-5.jpg)
ქურდობის 6 ფაქტი ბოლო 2 თვეში… სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. 1986 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ხ.ჯ. ტყიბულში აიყვანეს.
დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ტყიბულში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეთა კუთვნილი 5 საცხოვრებელი სახლი და ერთი სამჭედლოს საამქრო გაქურდეს.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირების მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.