მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“ის რაც ახლა ფრონტზე ხდება სირცხვილია”-პრიგოჟინი “მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნის

რუსულ გასამხედროებულ ჯგუფთან, “ვაგნერთან” დაკავშირებულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს “ვაგნერის” ხელმძღვანელების, ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის გამოსვლას მეომრების წინაშე. ვარაუდობენ, რომ ჩანაწერი ბელარუსშია გაკეთებული, თუმცა დადგენილი არ არის მისი გადაღების ზუსტი თარიღი.

ჩანაწერში პრიგოჟინი და უტკინი აცხადებენ, რომ “ვაგნერელები” დროებით ამ ქვეყანაში დარჩებიან, შემდეგ კი აფრიკაში და, შესაძლოა, უკრაინის ფრონტზე დაბრუნდებიან. ამ პერიოდში ისინი ბელარუსის შეიარაღებული ძალებისგან აპირებენ შექმნან “მსოფლიოს მეორე არმია” და აცხადებენ, რომ რაიმე ტიპის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ისინი ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარეს იბრძოლებენ.

ამასთან, პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედებები. “ის, რაც ახლა ხდება ფრონტზე, არის სირცხვილი, რომელში მონაწილეობაც საჭირო არ არის” – თქვა მან.

ვიდეოჩანაწერი საღამოს საათებშია გადაღებული და მოლაპარაკეთა სახეები მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა მათი ცნობა ხმებით არის შესაძლებელი.

“ვაგნერის” მებრძოლებმა 23-24 ივნისს შეიარაღებული მსვლელობა მოაწყვეს მოსკოვსა და დონის როსტოვზე, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხებად შეაფასა. კოლონათა გადაადგილება შეჩერდა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ. გამოცხადდა, რომ ამბოხებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა, ხოლო “ვაგნერი” ბელარუსში გადაინაცვლებდა.

სადამკვირვებლო პროექტი “Беларускi Гаюн” წერს, რომ მხოლოდ 18 ივლისს ბელარუსში ჩავიდა “ვაგნერის” მებრძოლთა სამი საავტომობილო კოლონა, ანუ 1400-1500-მდე პირი. საერთო ჯამში, 11 ივლისიდან ბელარუსში ჩასული მებრძოლების რიცხვი შესაძლოა 2500 პირს უტოლდებოდეს. ბელარუსში რეგულარულად დაფრინავს პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყებიდა, რომ “ვაგნერის” მებრძოლები ბელარუს ჯარისკაცებს გაწვრთნიან.

ოთხშაბათს ბელარუსის საზღვრის დაცვის ძალებმა დროებით გააუქმეს 5 მაისს ამოქმედებული კონტროლის ზომები ბელარუსის და რუსეთის საზღვარზე. უცნობია რამდენად უკავშირდება ეს “ვაგნერის” ძალების ბელარუსში გადასვლას.

ნატოს წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” ბელარუსში გადასვლის თაობაზე. პოლონეთი საზღვარს დამატებითი ძალებით იცავს. “მსოფლიოს მეორე არმიას” ზოგიერთი ანალიტიკოსი რუსეთის არმიას უწოდებდა, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე. უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ ამ გამოთქმას ირონიული მნიშვნელობით იყენებდნენ. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლახან რუსეთის არმიას უწოდა “სიძლიერით მეორე არმია უკრაინაში”. თავად პრიგოჟინი “ვაგნერს” უწოდებს “მსოფლიოს პირველ არმიას”.

მსგავსი პოსტები

Back to top button