7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. 2007 წლის 7 ნოემბერს გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს
7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. 2007 წელს ზუსტად ამ დღეს გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე აქციის დარბევა დაიწყეს. ვითარების დაძაბვიდან მალევე, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით, მომიტინგეები დაარბიეს. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, აქაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დღის ბოლოს კი, სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა.
აქციის დარბევის და “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.
7 ნოემბერი 2007 წლის მოვლენების მონაწილეებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
2007 წლის 7 ნოემბერი თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღეა, ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საზოგადოება სისხლში ჩაახშვეს, ამ ლაქას ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას ძალაუფლება არ აქვს, ფიზიკური სისასტიკე გამოიყენოს, ამიტომ სხვა გზებით ეწინააღმდეგება ქვეყანას.
„დღეს შვიდი ნოემბერია, თანამედროვე ისტორიისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საზოგადოება სისხლში ჩაახშვეს. ვფიქრობ, ამ ლაქას ძალიან ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა, ეს არის სახე იმ ძალების, ოპოზიციის, ეს არის ქვეყნის ოპოზიცია. როგორც მაშინ, დღეს იმის შესაძლებლობა აღარ აქვთ, რომ ფიზიკურ სისასტიკეში გადაიყვანონ, ამიტომ ისე ეწინააღმდეგებიან დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს განვითარებას. თუმცა ამას უკვე ბოლო მოეღო. ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება კახა კალაძემ მიიღო, როდესაც ე.წ. ბასლაინები გააკეთა, რადგან მამუკა ხაზარაძესა და იმათ სასიარულო ადგილი ექნებათ. ივლიან იქით-აქეთ, სხვა საქმე არ აქვთ, არც არაფრის უნარი არ აქვთ და ადგილიც არის დარჩენილი, რომ დანარჩენ საქართველოს და თბილისს არ შეუშალონ ხელი ცხოვრებაში იმიტომ, რომ სეირნობა მოუნდათ“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ფაქტები უნდა დაანახონ და აუხსნან, სად არის სიმართლე, სად – სიცრუე.
„ასეულობით მილიონი დოლარის პატრონი ადამიანი როდესაც ქუჩაში მეგაფონით დადის, წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა. ეს თავიდანვე დაცემული იყო, სააკაშვილის ხელიდან ბრწყინვალების ორდერი რომ გექნება აღებული იმაში, რომ ნაწამებ ხალხს უფორმებდი ქონებას გლდანის ციხეში, ეს თავიდანვე მეტყველებს, ვისთან გვაქვს საქმე. ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ ამ გარეწრებს 700 ათასი კაცი აძლევს ხმას საქართველოში. ყველას გვახსოვს შვიდი ნოემბერი. ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, ბოკუჩავასა და ხაზარაძეს ხმას მისცემს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის.
იქ მორალი მორღვეულია აბსოლუტურად. და იქ სადაც მორალი მორღვეულია, ძალიან ძნელია ლაპარაკი განვითარებაზე. ახალგაზრდების დიდი ნაწილი არის აყოლილი ამ ფსევდოიდეებს და ამ პორნოლიბერალიზმს, სამწუხაროდ. ამ ახალგაზრდებს უნდა ვესაუბროთ არა აღქმებით, არამედ ფაქტებით, ვაჩვენოთ, რა არის თეთრი და რა არის შავი, სად არის სიმართლე და სად არის სიცრუე“, – განაცხადა ხაინდრავამ.