მნიშვნელოვანისიახლეები

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს

7 ნოემბრის საქმეზე დაზარალებულმა მოწმეებმა, სასამართლოს ჩვენება მისცეს მათ სხდომაზე გაიხსენეს, როგორ არბევდა სპეცრაზმი მოქალაქეებს და რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სპეცრაზმი მოქალაქეებს არბევდა, ერთ-ერთმა იარაღი მომიშვირა და თვალთან გამარტყა, – ამის შესახებ 7 ნოემბრის აქციის დარბევისას დაზარალებულმა, ნოდარ სილაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც მოწმემ აღნიშნა, ის ტელეკომპანია „იმედთან“ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.

„შორს ვიყავი, ჩემთვის მივდიოდი. დამიზნებით ისროდნენ, ყველას ჩაფხუტი ეფარა და ბრონიებული ჟილეტები ეცვათ. რაღაც წამები გავითიშე, მეგობარმა დამინახა, სასწრაფომ წამიყვანა ორთაჭალის კლინიკაში, მარცხენა თვალით ვერ ვხედავდი, ტვინის შერყევაც მქონდა. სამი ოპერაცია გამიკეთეს, მხედველობა არ მომმატებია, სილუეტებს ვხედავ მხოლოდ. გაზს უშვებდნენ, რეზინის ტყვიებს ისროდნენ, ტყვია ტანზეც მომხვდა. აპოლიტიკური ვიყავი, ერთხელ წავედი აქციაზე და ისიც შარში ამოვყავი თავი”, – განაცხადა სილაძემ.

სასამართლოში ჩვენება მისცა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ნიკოლოზ დიდიშვილმა.
მოწმე დიდიშვილმა გაიხსენა, როგორ მიიღო მძიმე დაზიანებები რიყეზე მიტინგის დარბევის დროს. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველის სროლის შედეგად ორივე ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო. მისივე თქმით, ეს არ იყო რეზინის ტყვია, რადგან წვივის ძვალი მთლიანად ჩამსხვრეული ჰქონდა და ასეთ დაზიანებას რეზინის ტყვიით ვერ მიიღებდა. ნიკოლოზ დიდიშვილის განცხადებით, სამართალდამცველებს გზა ჩახერგილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება არ შეეძლოთ. მანვე დაადასტურა დარბევაში საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა.

„საჯარისო დანაყოფები დავინახე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, რიყის ტერიტორიაზე, იღებდნენ მითითებებს, ემზადებოდნენ რაღაცისთვის, შემდეგ მოხდა დარბევა და მე დამჭრეს, კანზე მეკიდა ფეხი. არ იყო დაპირისპირება არანაირი, უბრალოდ გარიდებას ვცდილობდით რობოკოპებისგან, ცემით და სროლით მოდიოდნენ და რომ გავიქეცით, ვერ გავედით, იქაც დაგვხვდნენ. რეზინის ტყვია არ იყო ის, რაც მე ფეხში მომხვდა. მოქალაქეებმა გამიყვანეს, პოლიციელები უყვიროდნენ, დააგდეთ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ არ დამტოვეს. იქ რომ დავრჩენილიყავი, სისხლი ისეთი რაოდენობით მომდიოდა, ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი”, – განაცხადა მოწმემ.
მოწმის ჩვენებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

“ეს დაზიანებები რა ბრძანების საფუძველზე იქნა საერთოდ გამოყენებული, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი თუ ა.შ. ამ საქმის ფარგლებში გამოკვლეული არ არის. გზები ჩახერგილი არ იყო, არსებობდა კონკრეტული მიმართულებები, რომელ მიმართულებებზეც იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და რუსთაველის ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევდნენ მომიტინგეებს,” – აცხადებს ბექა ბასილაია.

სხდომას დისტანციურად დღეს არ ჩაერთო საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი. ექსპრეზიდენტის წერილი სხდომათა დარბაზში მოსამართლემ წაიკითხა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მონაწილეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button