8 000-10 000 ლარი-2025 წლიდან დეპუტატებს ხელფასები შესაძლოა გაეზრდოთ
დეპუტატების ხელფასები 2013 წლის შემდეგ უცვლელია და მისი გადახედვის საკითხი დღის წესრიგში სწორედ ამის გამო დადგა

2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორი თავად არის.
მისივე თქმით, თუკი ცვლილება მიღებული იქნება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000-ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება. რაც ახლანდელზე 3 260 ლარით მეტია. რაც შეეხება დეპუტატებს, მათი ხელფასი 8 250 ლარი იქნება, რაც ამჟამინდელზე 3 626 ლარით მეტია.
ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.
დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი -[არსებული ხელფასი: 6 740 ლარი] (იზრდება 3 260 ლარით)
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი [არსებული ხელფასი: 6 400 ლარი] (იზრდება 3 100 ლარით)
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი [არსებული ხელფასი: 6 340 ლარი] (იზრდება 2 910 ლარით)
კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი [არსებული ხელფასი: 5 540 ლარი] (იზრდება 3 460 ლარით)
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი, მოადგილე 8 750 ლარი[არსებული ხელფასი: 4 800 ლარი] (იზრდება 3 950 ლარით)
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 8 500 ლარი [არსებული ხელფასი: 4 740 ლარი] (იზრდება 3 760 ლარით)
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი – [არსებული ხელფასი: 4 624 ლარი] (იზრდება 3 626 ლარით).
აქვე, ინიცირებულ კანონპროექტში დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის ფულადი დახმარების საკითხიცაა განხილული. დოკუმენტში წერია ისიც, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას შშმ პირად იქნება აღიარებული:
“თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.
პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით “, – წერია კანონპროექტში.
კანონპროექტს თან ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც წერია, რომ დეპუტატების ხელფასები ფაქტობრივად 2013 წლის შემდეგ უცვლელია და მისი გადახედვის საკითხი დღის წესრიგში სწორედ ამის გამო დადგა.
„საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტით და არ არის მიბმული საჯარო სამსახურს, მათ შორის, ის 10%-იანი ზრდა რაც საჯარო სექტორში არის, პარლამენტის წევრებს არ ეხება. ამან შედეგად გამოიღო, რომ დღეის მდგომარეობით, პარლამენტის წევრების ანაზღაურება უფრო დაბალი არის, ვიდრე ძალიან ბევრი საჯარო მოხელის, მათ შორის, იმ სტრუქტურებში, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიმართ არიან ანგარიშვალდებულები. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აპარატში არის რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რომელთა ხელფასი არის უფრო მაღალი, ვიდრე პარლამენტის წევრის, ამიტომ არის საჭიროება, რომ შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს. ამიტომ ჩემი ინიციატივა არის, რომ მართალია არა ამ მოწვევის, მაგრამ მომავალი მოწვევის პარლამენტში, 2025 წელის პირველი იანვრიდან, ხელფასების და ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს იმ კოეფიციენტებთან, რომელიც დადგენილი არის კანონმდებლობით,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ დეპუტატებისა და საპარლამენტო თანამდებობის პირების
ხელფასების ზრდა საქართველოს ბიუჯეტს წლიურად 5.7 მილიონი ლარი დაუჯდება.