ევროპარლამენტი: “8 მარტის შეთანხმება დროულად იქცეს კანონად”

ევროპარლამენტში, ყოველწლიური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას, მზადაა.
აღნიშნულ დოკუმენტს ევროპარლამენტში 19 მაისს, საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტი კი, ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მოამზადა.
ანგარიშში ადგილი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებულმა 8 მარტის შეთანხმებამაც დაიკავა.
დოკუმენტში ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ყველა მხარეს მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ შეთანხმება დროულად იქცეს კანონად.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე ბოლოდროინდელ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის სტანდარტს, რისი ვალდებულებაც, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ნაკისრი აქვს. ვწუხვართ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზებით განხორციელდა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.