მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

8 წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის, ყირიმის უკანონო ანექსიიდან

8 წელი გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის, უფრო კონკრეტულად კი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

საფრანგეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირითადი სტანდარტები.

„ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ ერთი წლის წინაც შევიკრიბეთ და დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები, დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას, რადგან ეს სამართლიანი ბრძოლაა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობისთვის. ჩვენი შემართება არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ, ეს ძალისხმევა გრძელვადიანად გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკრონმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის დასაცავად.

„ომი დაიწყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით. ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ომი ევროპის ტერიტორიაზე, არამედ ეს ეხება უნივერსალურ პრინციპებს და შესაძლებელობას, ვიცხოვროთ მშვიდად და პატივი ვცეთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს, რაც წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტს. რუსეთმა გააკეთა არჩევნი, რომ გადაეხვია ამ პრინციპებისთვის. ეს არის სისუსტე. მე მოვუწოდებ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან, გამოიყენოს დიპლომატიის ყველა ფორმა, რომ უკრაინის ტერიტორია და მომავალი დაცული იყოს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ომი ეხება ასევე ყირიმსაც, ისევე როგორც უკრაინის იმ ტერიტორიას, სადაც ომი ბოლო 6 თვეა, გრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

„უკრაინამ აირჩია დიპლომატიის გზა, რუსეთმა კი ომის გზა“ , – დასძინა მაკრონმა.

მაკრონმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან.

ამასთან მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი “ყირიმის პლატფორმის” მეორე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტი მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

როგორც სამიტზე ონლაინგამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. საფრანგეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ:

“იმას, რაც უკრაინაში ხდება, ზეგავლენა აქვს არამხოლოდ უკრაინელებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, ენერგო თუ საკვების მარაგებზე. რუსეთის ომმა ზეგავლენა ყველა ჩვენგანზე იქონია. რუსეთის მიერ წარმოებული ომი საერთაშორისო კანონების დარღვევაა. რუსეთმა გააკეთა თავისი არჩევანი. მე მოვუწოდებ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ. მოვუწოდებ რომ მიმართოს დიპლომატიის გზას,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button