აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.
“გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე”, – წერს ლევან მგალობლიშვილი.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. ის იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა.
მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმში დაიბადა.