812 გარდაცვლილი ჩვილი წელიწადნახევარში
2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
სააგენტოს მონაცმებით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა.
2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია.
იგივე ცნობების თანახმად, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის პროგრამის ფარგლებში, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 119 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, 2014 წელს საბჭოზე გავიდა 33 საკითხი, როლის შედეგადაც 40 ექიმს შეუჩერდა სერთიფიკატის მოქმედების ვადა 1-6 თვემდე, ხოლო 64 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
2015 წელს კი, რეგულირების სააგენტოს ცნობით, საბჭომ 7 საკითხი განიხილა, რის შედეგადაც 15 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, აქედან 8 მათგანს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, შვიდს კი სერთიფიკატის მოქმედება 1-6 თვემდე შეუჩერდა.