მნიშვნელოვანისიახლეები

83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – ე.წ. აგენტების კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ – დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

პარლამენტში კენჭისყრა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.
ცვლილებები “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.

რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.

გუშინ, 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.
პარლამენტის შენობის შიდა ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანეს. გარდა ამისა, წყლის ჭავლის მანქანებია განლაგებული თავისუფლების მოედანზეც.

პარლამენტის ეზოში სპეცრაზმის შესვლას შენობის გარეთ, უკანა მხარეს მყოფი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ისინი სკანდირებენ: “რუსებო” “მონებო”.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება პარლამენტის უკანა ეზოსთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, პარალელურად კი, მოქალაქეები იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინა მხრიდან.

მოქალაქეები უკვე მესამე დღე აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს, რომელსაც დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button