მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ შეწყდა

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“

„ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი 15 მარტს ანაზღაურებად, ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, ხოლო აშშ-ის ორი საინფორმაციო სამსახურის დაფინანსება, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების შესახებ მაუწყებლობდნენ, შეწყდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“ დაადუმეს. დილით შევიტყვე, რომ „ამერიკის ხმის“ მთელი პერსონალი – 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი, დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნეს. ისევე როგორც მე.

„ამერიკის ხმას“ სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ დღევანდელი ქმედება „ამერიკის ხმას“ არ მისცემს საშუალებას, განახორციელოს თავისი სასიცოცხლო მისია. ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამერიკის მეტოქეები, როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ყალბი ნარატივების შესაქმნელად, რათა შეარყიონ შეერთებული შტატების რეპუტაცია.

„ამერიკის ხმა“ ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ამერიკის ისტორიის თხრობითა და ობიექტური და დაბალანსებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის პირობებში ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ ის რაიმე ფორმით გადარჩება, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვნად დააზიანებს „ამერიკის ხმის“ უნარს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამყაროს ჩამოყალიბებას და შესაბამისად, ვეღარ უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების დაცვას.

80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ამერიკის ხმა“ იყო შეერთებული შტატების ფასდაუდებელი აქტივი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კომუნიზმის, ფაშიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით, „ამერიკის ხმა“ ყოველკვირეულად 360 მილიონზე მეტ ადამიანთან აღწევს, 48 ენაზე. ბევრ დიქტატურაში „ამერიკის ხმა“ ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა.

მივესალმები „ამერიკის ხმის“ შესანიშნავ თანამშრომლებს. მათგან ბევრი ამერიკაში ავტორიტარული ქვეყნებიდან ჩამოვიდა, სადაც მათ არ შეეძლოთ ჟურნალისტიკის თავისუფლად პრაქტიკა. შთამაგონებელია იყო მათი ლიდერობა და ისინი ჩემგან იმსახურებენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას თავისუფლებისა და დემოკრატიის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნულია „ამერიკის ხმის“ დირექტორის, მაიკლ აბრამოვიცის განცხადებაში.
„ამერიკის ხმის“ დირექტორი ამბობს, რომ დაახლოებით 1300 ჟურნალისტი, პროდიუსერი და თანაშემწე ანაზღაურებად შვებულებაშია გაშვებული, რამაც მოახდინა მედიის პარალიზება, რომელიც 50 ენაზე მაუწყებლობდა:

„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში, ლეგენდარული „ამერიკის ხმა“, იძულებულია დადუმდეს“, – ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ დირექტორმა, მიხაილ აბრამოვიცმა სოციალურ ქსელ LinkedIn-ში დაწერა, რომლის თქმითაც, „ამერიკის ხმა“ თამაშობდა განსაკუთრებულ როლს „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით“.

ერთი დღით ადრე, 15 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დოლანდ ტრამპა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს როგორც „ამერიკის ხმას“ ისე რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

15 მარტს, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა თქვა, რომ ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა იქნება “დიდი საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.

“ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში იზეიმებდნენ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაცემას, 75 წელიწადის შემდეგ. ჩვენი მტრებისთვის გამარჯვების გადაცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს” – ამბობს კაპუსი თავის განცხადებაში.

“რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მდიდარი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, ვინც ყოველკვირეულად გვეყრდნობა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ”, – დასძენს სტივენ კაპუსი.

თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა „ამერიკის ხმის“ მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი და ამგვარად განმარტა მედიასაშუალებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

თეთრი სახლის განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური ამერიკის ხმა“, მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებენ.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ „ამერიკის ხმის“ რამდენიმე რეპორტიორი აქვეყნებდა ტრამპის საწინააღმდეგო კომენტარებს თავიანთ პროფესიულ ანგარიშებში სოციალურ ქსელ „იქსში“. ტრამპის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ხდებოდა იმ პირობებში, როდესაც „ამერიკის ხმის“ სოციალური მედიის პოლიტიკა ავალდებულებს ამ მედიასაშუალების თანამშრომლებს, სოციალურ ქსელებში იყვნენ მიუკერძოებლები.

თეთრმა სახლმა ასევე მოიყვანა შემდეგი არგუმენტები: 2020 წელს „ამერიკის ხმა“ წერდა რუსეთის შესაძლო როლზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპის გარშემო აგორებულ სკანდალზე, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ აღიქვა, როგორც „სიმართლის დამალვის“ მცდელობა;

„ამერიკის ხმის“ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს სთხოვა, არ მოეხსენიებინათ „ჰამასი“ და მისი წევრები ტერორისტებად, „გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ოფიციალური განცხადებების ციტირება“;

2019 წელს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი ტრანსგენდერი მიგრანტების შესახებ, რომლებიც აშშ-ში თავშესაფარს ეძებენ.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება უზრუნველყოფს, რომ გადასახადების გადამხდელები აღარ დააფინანსებენ რადიკალურ პროპაგანდას“.

ცნობისთვის, 15 მარტის საღამოს ცნობილი გახდა, რომ „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „ადმინისტრაციულ“ შვებულებაში გაუშვეს, მათ შეუზღუდეს წვდომა ელფოსტაზე. ჟურნალისტებს არ აქვთ სამუშაოს შესრულების უფლება.

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე შეატყობინა RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელს დაფინანსების გაუქმების შესახებ. „რადიო თავისუფლებაში“ ამ გადაწყვეტილებას უწოდეს „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.

გამოცემა წერს, რომ USAGM-ის მიერ ამერიკის ხმის თანამშრომლებისთვის მიწერილი მეილის შინაარსი ასეთია: “დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება” და თანამშრომლები გაშვებულები არიან “ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით”.

გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე აკერძალათ.

ამასთან, ცნობილია, რომ გამოცემა რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის, ჯამში 7 სააგენტოს ეხება:

1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;

2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;

3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;

4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;

5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;

6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;

7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.

მსგავსი პოსტები

Back to top button