მნიშვნელოვანისიახლეები

85 მომხრე, 22 წინააღმდეგი – პარლამენტმა გენდერული კვოტირების კანონპროექტი გააუქმა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. ქალთა კვოტირების გაუქმებას დღევანდელ, 4 აპრილის სხდომაზე, მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო.
ეს იყო ოპოზიციური პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ – ძალისხმევით პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს ავალდებულებს, საპარლამენტო არჩევნების სიაში სულ მცირე ყოველ მეოთხე ადამიანად ჩაწეროს ქალი.

დღეს მიღებული დოკუმენტი კანონად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და ვეტოს დაადებს კანონპროექტს, დოკუმენტი განსახილველად კვლავ პარლამენტში დაბრუნდება.

„არა ქალების უფლებებს! არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გვქონდა, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ‘ბუტკაშიო’“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 3 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

ასევე, კანონპროექტით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-სა. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც დროებითი ზომა. გასული წლის თებერვალში კი პარლამენტმა გენდერული კვოტების ვადა გაახანგრძლივა და მას 2032 წლის ჩათვლით უნდა ემოქმედა. ამასთან დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები. ქალი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკიდან ქალების განდევნისთვის კეთდება.

გირჩის ინიციატივას არ იზიარებენ სამოქალაქო სექტორშიც.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. პირველი მოსმენა – გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა. ​კანონპროექტების ინიციატორები არიან იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კვოტირების გაუქმება თანაბარ პირობებს შექმნის, ქალები და მამაკაცები გათანაბრებულები იქნებიან უფლებრივად. „პრივილეგიებს ვაუქმებთ, პრივილეგიების გაუქმება როგორ შეიძლება იყოს ქალების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button