85 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტის წევრებს ხელფასები გაეზრდებათ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებსა და თანამდებობის პირებს ხელფასები გაეზრდებათ. ცვლილებებს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 0 იყო.
ინიციატორი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს. პაპუაშვილმა მანამდე განმარტა, რომ ეს არა ხელფასების ზრდა, არამედ თანხის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც 2017 წელს დადგინდა.
მისივე თქმით, პარლამენტარის ხელფასი, ბოლო 15 წელია, უცვლელია. გასამრჯელოს ზრდასთან ერთად, ანალოგიურად იზრდება ერთჯერადი დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში.
“ბოლო 10 წელია ანაზღაურება პარლამენტის წევრებისა არ შეცვლილა 2013 წლიდან და არის იგივე თუმცა რეალურად, ეს ცვლილება არ მომხდარა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ვინაიდან 2012 წლის მოწვევის პარლამენტამდეც, 2008-12 წლის პარლამენტში მართალია ნომინალურად ანაზღაურება იყო უფრო დაბალი, თუმცა ვინაიდან მაშინ არსებობდა პრემიებისა და დანამატების სისტემა პარლამენტში, რეალური ფაქტობრივი ანაზღაურება იყო უფრო მეტი ვიდრე ეს იყო ნომინალურად განსაზღვრული”, – თქვა პაპუაშვილმა.
კერძოდ, პაპუაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები შემდეგნაირად გადანაწილდება: პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5; პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8; კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6; კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2; პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0;
კანონპროექტის პირველ ვარიანტში დაკონკრეტებული იყო ხელფასები: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.
მისივე თქმით, რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დაკორექტირდა და პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.
თავდაპირველად პროექტში ეწერა, რომ 2025 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 000, დეპუტატების კი 8 250 ლარი იქნებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე, საპარლამენტო თანამდებობის პირების ხელფასების ზრდაცაა გათვალისწინებული.
შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველ ნოემბერს დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.