88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე, გაუძღვა. დარბაზში იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც.
88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა, – რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს – პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტში დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხეს – 150 ადამიანის გვარი, – რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
მათი უფლებამოსილება 88 ხმით ცნეს. სწორედ ამდენი დეპუტატი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი – ესწრება სხდომას.
ფიცის ტექსტი ცესკოს თავმჯდომარემ წაიკითხა:
“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წარმოთქვეს: “ვფიცავ“. მათ ფიცის ტექსტს ხელიც უნდა მოაწერონ.
რეგისტრაცია გაიარა 89-ე დეპუტატმაც, გივი ჭიჭინაძემ, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკო-ს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, 150-კაციან პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, “კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ” – 19 მანდატი (11, 03%), “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ” – 16 მანდატი (10.17%), “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, – განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, – როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
„არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.
პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას.
სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პროტესტის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
პარლამენტის სხდომა გრძელდება. 25 ნოემბრის დღის წესრიგის დარჩენილი საკითხების შესაბამისად:
ჩამოყალიბდება ფრაქციები;
დაასახელებენ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატებს. თავმჯდომარედ, როგორც ცნობილია, კვლავ შალვა პაპუაშვილს წარადგენენ;
ჩამოყალიბდება კომიტეტები;
აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებს.
სხდომას არ ესწრებიან დიპლომატები – „ქართულ ოცნებას“ ისინი არ მიუწვევია პარლამენტში.
საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.
150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.