მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

დღეიდან, 1 ნოემბრიდან, რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო 300 ათასი ადამიანის გაწვევა.

რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაუშვებენ. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევიდან მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ ითვალისწინებს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.

უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, წვევამდელები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გაიგზავნებიან.

“წვევამდელი სამხედროები ასრულებენ დავალებებს სამხედრო ნაწილების დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, ისინი არ გაიგზავნებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ყველა წვევამდელი, ვინც სამსახური დაასრულა, სახლში გაიგზავნება,” – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000-დან 87 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია საბრძოლო ზონებში.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით კი, პუტინის მხრიდან განკარგულების გაცემა არ არის საჭირო, რადგან ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

“პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსულტაციას გაივლიდა იურისტებთან და ადვოკატებთან. გაცნობებთ, რომ განკარგულების გაცემა არ არის საჭირო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა გვაქვს ამ საკითხზე. შესაბამისად, წერტილი დასმულია. ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდა,” – თქვა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ გაუგზავნა დეპეშები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს „ნებისმიერი გამოძახების შეჩერებისა და შემდგომი გაუვრცელებლობის შესახებ“. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანება 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების შესახებ შესრულდა – 300 000 ადამიანი გამოიძახეს.

31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ დანამდვილებით არ იცის, საჭიროა თუ არა ამასთან დაკავშირებით ცალკე განკარგულების გაცემა.

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია “ნაწილობრივი მობილიზაციის” ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია. ამასთან, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციის” დასრულების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button