მნიშვნელოვანი

9 აპრილის ტრაგედიიდან, 30 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენებიდან, 30 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს დაღუპულთა მემორიალთან, მოქალაქეები იკრიბებიან და ყვავილები მიაქვთ.

30 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე 5 აპრილის შემდეგ მიმდინარეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი. მოკლულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და ერთი ორსული ქალი. ამ დღეს, გაშვებულ იქნა დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერება, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა 100-ობით ადამიანის ჯანმრთელობას, აქციაზე იყვნენ დაჭრილებიც.

9 აპრილი ისტორიაში მხოლოდ ტრაგიკული დღის სახელით არ შესულა, ამ დღეს, ქართველებმა ეროვნული ერთიანობის მაგალითი აჩვენეს, ამ მოვლენების შემდეგ დაწყებულმა დამოუკიდებლობის მუხტმა კი, შედეგი ორი წლის შემდეგ გამოიღო, როცა 1991 წლის 31 მარტს, ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რა დროსაც, კითხვაზე – „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”, ქართველი ამომრჩევლის 99,08%-მა დადებითად უპასუხა. ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, ამავე წელს, სიმბოლურად 9 აპრილს, ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამიტომ 9 აპრილი, ორ დატვირთვას ატარებს – ეს არის მწუხარებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

მსგავსი პოსტები

Back to top button