მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ყარაჯალის სკოლის დირექტორს საარჩევნო შეხვედრაზე მშობლების მიყვანაში ადანაშაულებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი, „ქართულ ოცნებას“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ბოტკოველმა, სოციალურ ქსელში, ყარაჯალის საჯარო სკოლის ეზოში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

გიორგი ბოტკოველი

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ქართული ოცნების კანდიდატი აწყობს შეხვედრას. ამ შეხვედრისთვის, ყარაჯლის სკოლის დირექტორმა, მოტყუებით, ვითომ იმართებოდა სკოლის კრება, დაიბარა ყველა მოსწავლის მშობელი 1-12 კლასის ჩათვლით, რომლებიც ამ წუთებში ასე ჰყავს შეკრებილი სკოლის ეზოში და შემდგომ, უკვე გაიყვანს საარჩევნო შეხვედრაზე, რომელიც იმართება სწორედ ამ სკოლის შესასვლელ კართან“, – აცხადებს ბოტკოველი.

სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი, ელზა აშიროვა, „ქართული ოცნების” კანდიდატთან, ირაკლი ქადაგიშვილთან შესახვედრად მშობლების დაბარებას უარყოფს.

მშობლები დავიბარეთ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით. უნდა ვესაუბროთ ვირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებზე, კვების ბლოკზე და იმ წესებზე, რის დაცვაც მოუწევთ. ძალიან ცუდი, თუ ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა. ჩვენ პოლიტიკასთან რა კავშირი გვაქვს“, – განუცხადა რადიო ჰერეთს ელზა აშიროვამ.

კანდიდატთან შესახვედრად, მშობლების მობილიზაციისათვის დავალების გაცემას უარყოფენ „ქართული ოცნების“ თელავის შტაბშიც.

პლატონ კალმახელიძე

ასეთი დავალების გაცემას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, შტაბის დავალებით გამოვრიცხავ. შეხვედრები იმართება ჩვეულებრივად, კანონის დარღვევის გარეშე და ეს არის შეუძლებელი, რამე მსგავსი ხდებოდეს“, – განაცხადა თელავში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა პლატონ კალმახელიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, წინასაარჩევნო კამპანია ორ კვირაზე მეტია უკვე დაწყებული აქვთ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button