მნიშვნელოვანისაქართველო

ცოდვების სია; დისერტაცია – კიდევ რით ხსნიან კოორდინატორები სიებით მობილიზებას

საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება. კენჭისყრის პროცესი 410 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. დილიდან, უბნების მიმდებარედ სიებით ხელში მობილიზებული კოორდინატორების სიმრავლე შეიმჩნევა. ჟურნალისტები ინტერესდებიან, რა სიები უჭირავთ ხელში კოორდინატორებს. არის შემთხვევები, როცა ისინი საპასუხოდ, ორიგინალურ ახსნა-განმარტებებს იღებენ.

მაგალითად, ზესტაფონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოქალაქემ ,,ტელეკომპანია პირველის” ჟურნალის განუცხადა, რომ ხელში საკუთარი დაბადების დღის სტუმრების სია ეჭირა.

,,დაბადების დღის სიაა. 80 წლის ვხდები ორ დღეში. არავითარი ამომრჩევლების სია არ მაქვს. ჩემი საკუთარი დაბადების დღე მაქვს ზეგ”, – ამტკიცებდა მოქალაქე.

ასევე ზესტაფონში, საარჩევნო უბანთან მდგომმა ქალმა ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტთან განუცხადა, რომ ხელში ცოდვების სია ეჭირა.

,,აღსარებას ვაბარებ და სიას ვწერ ცოდვების”, – აღნიშნა მოქალაქემ.

ზუგდიდში კი, ერთ-ერთ უბანთან მდგომმა კაცმა ჟურნალისტების თხოვნაზე – ეჩვენებინა რა სია ეჭირა ხელში, უპასუხა, რომ მისი დისერტაცია იყო.

,,ჩემი პირადი საქმეა, საბუთებია; დისერტაციას ვიცავ”, – განაცხადა მოქალაქემ.

მარნეულის საარჩევნო უბანთან მდგომმა მამაკაცმა on.ge-ის ჟურნალისტის კითხვაზე რას აკეთებდა უბნის მიმდებარედ, უპასუხა რომ ,,იზაგრებოდა”.

აღსანიშნავია რომ თბილისი მერმა, კახა კალაძემ დღეს სიებით ხელში, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ კოორდინატორებს მოუწოდა, ,,არ შეშინებოდნენ ჟურნალისტებს”. აღნიშნულ მიმართვას საია გამოეხმაურა, რომელმაც შემაშფოთებელი უწოდა კახა კალაძის განცხადებას.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კოორდინატორებისა და პარტიული აქტივის მიერ, საარჩევნო უბნებთან მობილიზება და ხმის მისაცემად მისული მოქალაქეების აღრიცხვა, კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა
უარყოფით გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე.

კოორდინატორთა მიერ სიებით ხელში მობილიზება, კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა უარყოფითად აისახება ადგილოვრივი და საერთაშორისო დაკმვირვებლების ანგარიშებში.

2018 წელს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეფასების პირველად დასკვნაში უარყოფითად შეაფასა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მობილიზებული კოორდინატორების მუშაობა, რომლებსაც  ამომრჩევლების სიები ჰქონდათ და აღრიცხავდნენ თუ ვინ მოვიდა არჩევნებზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარგარეტა კედერფელტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიან ვიგერინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ამ ადამიანების ყოფნამ უბნებთან დაძაბული გარემო შექმნა და ეს ერთგვარად ამომრჩეველთა დაშინებას ემსახურებოდა.

ფაქტია, თავად დამკვირვებლების ნაწილსაც აქვთ განცდა, რომ მათი ქმედება შესაძლოა დამალვას საჭიროებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button