მნიშვნელოვანისაქართველო

კობახიძემ და ზურაბიშვილმა უცხოეთში ვიზიტი შეწყვიტეს და საქართველოში ბრუნდებიან

პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში ბრუნდება. ირაკლი კობახიძე ორდღიანი ვიზიტით ბაქოში 20 ივნისს ჩავიდა. დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ვიზიტს წყვეტს და თბილისში ბრუნდება. ინფორმაცია დაადასტურეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ზურაბიშვილი მინსკში 20 ივნისს გაემგზავრა მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ.

გვიან ღამით პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

20 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button