მნიშვნელოვანისაქართველო

“26 მაისი იყო სადამსჯელო ღონისძიება, 20 ივნისი მოგერიება”

შსს მინისტრი, გიორგი გახარია, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუს დროს ამბობს, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება აქციების დაშლას შორის 2011 წლის 26 მაისს და წელს, 20 ივნისის ღამეს. გახარიას შეფასებით, პირველი იყო „სადამსჯელო ღონისძიება მშვიდობიანი აქციის მიმართ, ევაკუაციის გზები იყო გადაკეტილი“, ხოლო 20 ივნისის ოპერაცია იყო „მოგერიება“ შტურმისა პოლიციელებზე და პარლამენტის შენობაზე.

„ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და პროპორციული, თუმცა იყო კონკრეტული შემთხვევები ძალის გადამეტების“ – ამბობს გახარია. ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეკითხვას, ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი გამოძიების პირობებში გახარიას ჩამოშორება სამინისტროსგან, მინისტრმა უპასუხა, რომ საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურა, რომელთანაც მას შეხება არ აქვს.

გახარია აცხადებს, რომ დარბევის დაწყებამდე დემონსტრანტები ოთხჯერ გააფრთხილეს, მათ შორის სპეციალური ხმოვანი გაფრთხილებითაც.

ამავე ინტერვიუში, გახარიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა 20-21 ივნისის ღამეს პოლიციას დააგვიანდა კიდეც სპეციალური საშუალებების გამოყენება. „არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაეტაცათ 30-ზე მეტი პოლიციელი“ – ამბობს მინისტრი.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

 

ინფორმაციის წყარო: რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button