მნიშვნელოვანისაქართველო

ივანიშვილის ინტერვიუ და საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეფასებები

“ქართული ოცნების”თავმჯოდმარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტევიუს მისცა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა განცხადებები.

„ის რომ გახარია გადადგეს ე.ი. შს სამინისტრო აღარ არსებობს“, – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ივანიშვილის აზრით, გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულა და უფრო მეტიც “მოძალადეები და მეამბოხეების” უსაფრთხობაც დაიცვა. ივანიშვილი ამბობს, რომ ის ევროპისა და აშშ-ს პოზიციას იცნობს და იცის, რომ მათ 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ძალის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

როგორი იყო ხალხის აქტიურობა 20 ივნისს და როგორია დღეს? 200 კაცს უყრიან თავს თბილისში“- ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე ხალხის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ივანიშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებს ძირითადად “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ესწრებიან.

ფაქტია, რომ ისინი შეშინებულები არიან, რადგან ის ადამიანი, რომელიც შეშინებული არ არის, თავებს არ ითვლის საპროტესტო აქციებზე – ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ, სადაც მან აღნიშნა, რომ შს მინისტრი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. ხელისუფლების ოპონენტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გიორგი გახარიას დაცვა არ გაჰკვირვებიათ, რადგან მათი შეფასებით, გახარია ახლა მისი საყრდენია. ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადაარჩინოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მედიასთან ბევრი ტყუილი თქვა.

“20 ივნისს რაც მოხდა, იყო ძალის აშკარა ბოროტად გამოყენება, ადამიანების დასახიჩრება და სადამსჯელო ოპერაცია, ამისთვის, პოლიტიკურად პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა” – ეს განცხადება, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდა, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ინტერვიუ პარტიული აქტივის გასამხნევებლად – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სახეზეა წარმავალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსული ხდება. სააკაშვილის თქმით, ოლიგარქების დრო ყველა ქვეყანაში სრულდება. სააკაშვილი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button