მნიშვნელოვანისაქართველო

“რუსთავი2”-ი სტრასბურგის სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

სტრასბურგის “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ” ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2”-ის წილები ხელისუფლებასთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ;

ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება — აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;

ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში

6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა.

მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

სამაუწებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ქიბარ ხალვაში შპს “პანორამას” ასპროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი და “სხივი Xxi-ის” დამფუძნებელია. იგი ასევე შპს “კონტურის” წილის 33%-ს, შპს “არტის” 28%-ს, შპს “აი დის” 35%ს, შპს “არტი ჯგუფის” 44%-ს, შპს “ეს-ტურის” 40%-ს, შპს “როსერის” 33% და შპს“ვატმან ჯორჯიას” 70%-ს ფლობს.

ჩამოთვლილი კომპანიების საქმიანობის სფეროები სამომხმარებლო პროდუქტით ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვების ადგილების მოწყობა, ყველა სახის საქონლის ან მოწყობილობების იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ინვესტიციების განხორციელება, ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტი, იურიდიული კონსულტაციები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, სარემონტო სამუშაოები და სხვა საქმიანობებია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო, – “ხალვაში “პროქტერ & გემბლის” სადისტრიბუციო ქსელს და “პეპსის” ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა,” – ნათქვამია ორგანიზაციის 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ეხებოდა.

საქართველოში ქიბარ ხალვაშის ბიზნეს პარტნიორები თამაზ ნიჟარაძე, ჯემალ ინაიშვილი, გურამ გოგუა, ნიაზ ხალვაში, თამაზ ბერიაშვილი, ივანე რუაძე, მუსა ენგინი, შოთა ხარაზიშვილი, მეჰმეთ შექერი და მერაბ კილაძე არიან. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ქიბარ ხალვაშმა “ქართულ ოცნებას” შემოწირულობის სახით 1 250 ლარი გადასცა.

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ისა და “მზის” გამო, 2008 წელს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა აღნიშნულ ტელეკომპანიებში მისი კუთვნილი წილების “ჩამორთმევის” ფაქტების გამოძიება მომხდარიყო.

ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ მისი კუთვნილი კომპანიები უკანონოდ დაყადაღდა და მას შემდეგ გაკოტრდა, რაც მისი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციური პარტია შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ბიზნესმენმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს წილებთან დაკავშირებით სარჩელი სასამართლოში 2015 წლის აგვისტოში შეიტანა, 2017 წლის 2 მარტს კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button