მამუკა ხაზარაძე: საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულებულია. სამსაათიანი განხილვისას მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს და მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განცხადებები გააკეთეს. მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთელი ეს პროცესი პოლიტიკური ოპონენტების დევნას უკავშირდება. მოძრაობა “ლელოს” კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძეც აღნიშნავს, რომ პროცესები პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება. ტვ “პირველის” გენერალური დირექტორის, ვატო წერეთლის მამა ამბობს, რომ მთელი ეს პროცესი მათი მედიის საქმიანობას უკავშირდება.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთელის ხმა ►
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტის დაყადაღება“. „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.