მნიშვნელოვანისაქართველო

მთავრობამ 20 მილიონი ლარი დახარჯა PR და პრესსამსახურების ხელფასებში, ბუნუსებსა და დანამატებში -TI

2018 წელს 194-ი საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით, – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარსამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხის კვლევა ჩაატარა. თანხა გაცემულია ხელფასებში, პრემიებში, ბონუსებში და დანამატებში.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი – 73 თანამშრომელი, მედიასთან-საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს – 51 თანამშრომელით, შემდეგ არის განათლების სამინისტრო – 49 თანამშრომელი, თბილისის მერია – 43 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო – 41 თანამშრომელი, პარლამენტი – 36 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტრო – 21 თანამშრომელი, შსს-ს აკადემია – 20 თანამშრომელი, ცესკო – 16 თანამშრომელი, რუსთავის მერია – 16 თანამშრომელი.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს – 1 185 962 ლარი, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი 1 114 251 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 053 271 ლარი. თბილისის მერიას კი ამ მიმართულებით 931 281 ლარი აქვს გამოყოფილი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მიმდინარე კვლევა მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს არ მოიცავს, ვინაიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათგან სრული ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან ეკა გიგაურის და მამუკა ანდღულაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button