მნიშვნელოვანისაქართველო

არასამთავრობო სექტორი გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის გამოძიებას ითხოვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს. კოალიციის შეფასებით, 9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძის განმარტებებმა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის ეჭვი.

„გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია არა მარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გარდა ამისა, „შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ განათლების შესახებ კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. მიუხედავად განმარტებისა, ბუნდოვანია, თუ სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა”.

კოალიციის განცხადებითვე, კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის, ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით.

„გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა, მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს“.

კოალიციას მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების შესახებ, ამ პროცედურის დასრულებამდე პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას, პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება და თუ დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

წყარო:რადიო თავისუფლება

მსგავსი პოსტები

Back to top button