აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 მრჩეველი დეპუტატებმა დაამტკიცეს

სოსო სტურუა და თამილა დოლიძე აჭარის ტელევიზიის მრჩევლები გახდნენ. სტურუას 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, დოლიძემ კი 14 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. ისინი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. ორივე მათგანი ქართულმა ოცნებამ წარადგინა. მრჩეველთა საბჭოს მესამე წევრი კი თამარ წილოსანია, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით გავიდა.
რაც შეეხება არჩეულ პირებს და მათ წარსულს, სოსო სტურუა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორია.
ჟურნალისტი და აჭარის ტელევიზიის გადაცემა “სათქმელის” წარმყვანი ირინა ყურუა ამბობს, რომ კარგად ახსოვს სტურუას მმართველობის რთული პერიოდი და ზეწოლის მცდელობა სახელისუფლებო ვერტიკალის მხრიდან.
თამილა დოლიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით, ის, იმ 103 თანამშრომელს შორის იყო, რომელიც ნათია კაპანაძის მენეჯმენტს აკრიტიკებდა.
თამარ წილოსანი აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელია, იგი აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის მოადგილის და დეპუტატის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა, 24 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს შერჩეული კანდიდატების მიმართ უნდობლობაზე განცხადება გააკეთეს და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე ისაუბრეს.
პროდიუსერმა მაია მერკვილაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველებს შორის, ჯერ კიდევ კანდიდატების რანგში, უნდობლობა გამოუცხადა და მათ ღირებულებებში შეიტანა ეჭვი.
საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ თქვა, რომ ყველაფერი ექვსი თვის წინ დაიწყო, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა.