მნიშვნელოვანისაქართველო

სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

წმინდა სინოდი 31 ოქტომბერს შეიკრიბება – პატრიარქის გადაწყვეტილება 29 ოქტომბერს, დღის ბოლოს გახდა ცნობილი.

სხდომას ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადამდგარი ბოდბელი ეპისკოპოსი თავადაც დაესწრება. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დაიწყებს თუ არა ეკლესია მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას.

უკვე ცნობილია რომ მეუფე იაკობი სინოდის წევრად რჩება. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას – თითქოს ილია მეორე გადადგომას აპირებს.

საპატრიარქოს სახელით განცხადება მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. სასულიერო პირის თქმით, ილია მეორემ მას დაავალა განეცხადებინა, რომ 31 ოქტომბერს პატრიარქის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV “პირველის” ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

“გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი”, – მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მეუფეებთანაც მართავდნენ: – „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button