მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში ლევან აკინის ფილმის პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან

არასამთავრობო სექტორი სასულიერო პირებისა და სხვა ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ 8 ნოემბერს კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ლგბტ თემაზე გადაღებულ ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას ჩაშლიან, მუქარად აღიქვამს.

NGO-ები შსს-ს მოუწოდებენ, რომ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს.

საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის გიორგი გოცირიძის ხმა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განწყობით გამოირჩევა, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების “დაპატიმრებას და განეიტრალებას” ითხოვს. ლევან ვასაძე ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართულ კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლით იმუქრება. ვიდეომიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად კინოთეატრებში შევა, პოლიციის კორდონს გაწევს შიშველი ხელებით, გათიშავს ფილმს და ჩაშლის ჩვენებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, სხვა შემთხვევაშიპოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

საპატრიარქო ლევან აკინის ფილმის ჩვენების წინააღმდეგია

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება. საპატრიარქოს განცხადების თანახმად, შემთხვევითი არ არის, რომ ფილმის ჩვენება 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ დაიგეგმა, ამას საპატრიარქოში უკავშირებენ ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. “გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი, მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და ტრადიციული ღირებებულებისადმი და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button