მნიშვნელოვანისაქართველო

“სალომე ზურაბიშვილს მოსახლეობის 70% უარყოფითად აფასებს” – IRI

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, მოქალაქეები ყველაზე დადებითად „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიმართ არიან განწყობილი.

შეკითხვაზე, „წაგიკითხავთ ქართველი პოლიტიკოსების და საჯარო ფიგურების სახელებს. გთხოვთ, მითხრათ თქვენი მოსაზრება (დადებითი, უარყოფითი, არ მსმენია, არ ვიცი) მათ შესახებ“, გაცემულ პასუხებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აქვს.

ზურაბიშვილს 23% დადებითად აფასებს, ხოლო 70%- უარყოფითად.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი აქვს „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. მას 14% დადებითად აფასებს, 66%- უარყოფითად.

57% უარყოფითად აფასებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, 32% კი – დადებითად.

ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ასევე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელი (59%) „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს, „ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს და „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას აქვთ. უგულავას და ბურჯანაძეს დადებითად 31%, ხოლო ინაშვილს 29% აფასებს.

დადებითი დამოკიდებულების მიხედვით ლიდერობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე: 57% – დადებითი, 36% – უარყოფითი;

კახა კალაძე (თბილისის მერი): 49% – დადებითი, 42% – უარყოფითი;

დავით უსუფაშვილი („შენების მოძრაობის“ ლიდერი): 47% დადებითი, 41% – უარყოფითი;

გრიგოლ ვაშაძე („გაერთიანებული ოპოზიცია“): 41% დადებითი, 50% – უარყოფითი;

გიორგი გახარია (პრემიერ-მინისტრი): 39% – დადებითი; 59% – უარყოფითი.

გამოკითხვისთვის საველე სამუშაოები 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით IPM-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

გამოკითხვა კოორდინირებული იყო დოქტორი რასა ალისაუსკიენეს მიერ საჯარო და მარკეტინგული (საბაზრო) კვლევების კომპანია „Baltic Surveys/The Gallup Organization“-ის მიერ IRI-ის ცენტრის „Center for Insights in Survey Research“ პირისპირ ინტერვიუების გზით, რესპონდენტების სახლებში. გამოკვლევა დააფინანსა USAID-მა.

გამოკითხვაში მონაწილობდა საარჩევნო ხმის უფლების მქონე ​
18 ან უფროსი ასაკის საქართველოს 1500 მუდმივი მცხოვრები. შერჩევა არის რეპრეზენტაციული ზოგადი მოსახლეობის ასაკის, გენდერის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. პასუხის კოეფიციენტი იყო 69 პროცენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button