მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სასამართლომ პანკისის ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს, არბი ქავთარაშვილს და რამაზ ხანგოშვილს. ორივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ ითხოვა მტკიცებულებების განადგურების, ქვეყნიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პატიმრობის შეფარდებას წინააღმდეგობა არც დაცვის მხარემ გაუწია. ამის მიზეზად ადვოკატმა ელენე ქიშმარიამ დაასახელა პანკისის ხეობაში გვარებს შორის მორიგი დაპირისპირების თავიდან აცილების აუცილებლობა.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. დაიჭრა სამი ადამიანი.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი 1 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button