მნიშვნელოვანისაქართველო

15 წლის მოზარდი გარდაიცვალა – დაკავებულია გამომძიებელი

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

“მწვანე სკოლის” მოსწავლე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.

მოზარდის გარდაცვალების გამო „მწვანე სკოლამ“ განცხადება 17 დეკემბერს გაავრცელა.

„უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო“, – წერს „მწვანე სკოლა“.

„მწვანე სკოლის” ჭიშკარზე გაურკვეველმა პირებმა ზუსტად იმ შინაარსის წარწერები („ამ ცხოვრების დედაც”, „აბა, დამიჭირე”) დატოვეს, რაც ლუკა სირაძემ სკოლაში კედელს დააწერა. გარდა ამისა, შესასვლელთან შემდეგი სიტყვებიც წერია: „აიღე პასუხისმგებლობა”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი, რომელიც 17 დეკემბერს დააკავეს, შეუძლოდ გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ჩალოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button