fbpx
Hereti FM

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

11
Share Button

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოვიდან ელოდება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს. რუსული სააგენტო „ტასს“ ამის თაობაზე აცნობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, მუჰამედ კილბამ.

კილბამ თქვა, რომ „სიტუაცია რესპუბლიკაში სტაბილურია, რთულია, მაგრამ მისი გაკონტროლება სრულად არის შესაძლებელი“. სოხუმში მეორე დღეა, ოპოზიციური ძალების საპროტესო გამოსვლებია. კილბას არ დაუზუსტებია სოხუმში ნურგალიევის ჩასვლის მიზეზი, მისი თქმით, დაძაბულობა მხოლოდ სოხუმის ცენტრს შეეხო და უშიშროების დამატებითი ზომების მიღება არ იგეგმება.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებს ამცნო, რომ უწყების თანამშრომლები სადღეღამისო სამსახურს ეწევიან სამთავრობო კომპლექსის გარშემო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. აქციის მონაწილეები ე.წ. პრეზიდენტის სასახლესთან პოლიციის ალყაში არიან მოქცეულნი. სამასამდე ადამიანი შენობას ამ დრომდე არ თმობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ იარაღის საცავიდან რამდენიმე ათეული ცეცხლსასროლი იარაღი აიღეს.

არაღიარებული უწყების ხელმძღვანელმა მედიასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია დანაკარგის გარეშე განიმუხტება.

აფხაზეთში ვითარება 9 იანვარს დაიძაბა. ოპოზიციის პროტესტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ე.წ. ოპოზიციური კანდიდატის მომხრეები ე.წ.-ი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს და ამ დრომდე იქ რჩებიან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი