fbpx
Hereti FM

კახეთში 2019 წელს ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 4 061 შემთხვევა დაფიქსირდა

119
Share Button

კახეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მწვავედ დგას. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. გაზრდილია ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევებიც.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონალური სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შინაური და ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 4 231 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს ეს რიცხვი 4 456-მდე გაიზარდა, 2019 წლის 11 თვეში კი 4 061 შემთხვევა აღრიცხეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში უპატრონო ცხოველები ბავშვებს კბენენ, რადგან ზოგჯერ თავად არასრულწლოვნები ცდილობენ ცხოველების გამოწვევას.

რამდენიმე წლის დაპირების შემდეგ კახეთში ახლახან ცხოველთა პირველი რეგიონალური თავშესაფრის შენება დაიწყო. როგორც გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რეგიონალური ცენტრი, სადაც ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება, გურჯაანში შენდება და, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. გურჯაანის მერის თქმით, თავშესაფარი, კარანტინის შენობითა და ადმინისტრაციული კორპუსით, გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსდება.

ადგილზე იქნება ვეტერინარული კლინიკა ლაბორატორიით, ასი ვოლიერითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. როგორც მერი ამბობს, თავშესაფრის მთავარი ფუნქცია ცხოველებისთვის პატრონის მოძიება იქნება. იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გამოძახება ცხოველების გადასაყვანად. გურჯაანის მერისვე განცხადებით, ამასთან ერთად, დაიწყება საინფორმაციო კამპანია ცხოველებზე ზრუნვისათვის ცნობიერების ასამაღლებლად.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი