fbpx
Hereti FM

შსს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის

30
Share Button

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 13 იანვარს ტელეკომპანია “მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას შეისწავლის.

აღნიშნული განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა:

„გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, – აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა“, – განმარტავენ შსს-ში.

უწყების თანახმად, განცხადებასთან დაკავშირდებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი