საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა. ე.წ. რაზდახანის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა.
მათ გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა მოქალაქეებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.
ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.