fbpx
Hereti FM

ამერიკელი სენატორები გიორგი გახარიას აფრთხილებენ

87
Share Button

“ქართული ოცნების” კრიტიკა ვაშინგტონიდან არ წყდება. მორიგი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად სენატორებისგან მიიღო. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ.

ისინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით, დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.

სენატორების თქმით, უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება, რაც სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე მიანიშნებს.

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება დაღმასვლის დროულად შემობრუნებას ეცდება და ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებს.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. 29 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვხედავდით დემოკრატიულ წინსვლას, ეკონომიკურ განვითარებაზე და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებას. საქართველო მიღწეული წარმატებებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა იყო. მას შემდეგ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ასუსტებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა პირი, რომელიც აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას წავა ციხეში, ასევე საფრთხეს უქმნის განვითარებას. გვიჩნდება კითხვები, არის თუ არა საქართველო ჩვენს ღირებულებებთან დაახლოებული. ჩვენ მოტივირებული ვართ საქართველოს მხარი დავუჭიროთ როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ განვითარებაში, თუმცა ეს იქამდე, ვიდრე საქართველო არის სტაბილური პარტნიორი, რომლის იმედი შეიძლება გვქონდეს“, – წერია სენატორების წერილში.

წერილი:  Risch-Shaheen Letter to H.E. Gakharia

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი