ოპოზიცია მასშტაბური აქციების გამართვას 4 აპრილიდან გეგმავს
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც საარჩევნო სტრატეგიას წარადგენენ.
“საყოველთაო დაუმორჩილებლობა, აქციები და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება” – ეს ხელისუფლების ოპონენტების ძირითადი სამოქმედო მონახაზია. ცნობილი ხდება, რომ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციური პარტიები ოლქებში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ კანდიდატებს არ დააყენებენ.
10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გვიან ღამით, უგულავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გიგი უგულავას დაპატიმრების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება.