ოკუპირებული ცხინვალის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში საკვები პროდუქტების 10 დღის მარაგია დარჩენილი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არსებული საკვები პროდუქტების მხოლოდ 10 დღის მარაგია დარჩენილი.
ცხინვალის სავაჭრო ცენტრები პროდუქტებისგან ცარიელდება და ცალკეულ პროდუქტებზე დეფიციტია, განსაკუთრებით კი, რძისა და ბავშვთა კვების პროდუქტებზე.
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არის საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან.
ციხელაშვილის შეფასებით, მორიგი შეზღუდვა მიზანმიმართული ქმედებაა ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით.
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.
ქეთევან ციხელაშვილის ხმა ►
ცხინვალში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი შემაშფოთებელიაო – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ჰარცელი მიიჩნევს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი კრიზისი უნდა გახდეს მიზეზი, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნას და ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილ მომსახურებებზე ჰქონდეს წვდომა.
“ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა კი ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია,” – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.